суббота, 12 декабря 2015 г.

სუბიექტის რიცხვის ასახვა ზმნაში
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
სხვადასხვა საკითხები, ხალხი შეიკრიბნენ, ბევრი წერილები, უამრავი ადამიანები, ყველა წიგნები
წესი:  თუ სუბიექტი მრავლობითშია, ზმნაც მრავლობითში უნდა შეეწყოს:

საკითხები განვიხილეთ
საკითხ-ებ-ი = განვიხილე-
მაგრამ სუბიექტის სიმრავლე ზმნაში არ აისახება, თუ:
  • სუბიექტს სიმრავლის გამომხატველი სიტყვა ( მსაზღვრელი) უკვე ახლავს. სიმრავლის გამომხატველი შეიძლება იყოს რიცხვითი სახელი – ათასი, ბევრი, უამრავი… ნაცვალსახელი – ზოგი, თითოეული, ყველა…
შესაბამისად, სწორია:
ათასი ფიქრი; ბევრი პრობლემა; უამრავი ადამიანი; ზოგი არსება; ყველა წიგნი; სხვადასხვა საკითხი
  • სუბიექტი ებ-იან მრავლობითში მდგომი უსულო სახელია:
მდინარეები ადიდდა; ფოთლები დაცვივდა; კლდეები ჩამოინგრა
გამონაკლისი: თუ უსულო საგანი გასულიერებულია, მოქმედებს იგივე წესი, რაც დასაწყისშივეგაგაცანით ( გასულიერებული საგანი უტოლდება სულიერს!)
მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდნენ
ფოთლები აჩურჩულდნენ
კლდეები გმინავენ
  • სუბიექტი კრებითი სახელია ( სუბიექტის სიმრავლე შინაარსობრივია) – ხალხი, სტუდენტობა, ახალგაზრდობა, ერი, ჯოგი, ხროვა, გუნდი…
ხალხი შეიკრიბა
სტუდენტობა თაკილობდა…
ახალგაზრდობას ემახსოვრება…
არასწორია: სხვადასხვა საკითხები; ბევრი წერილები; უამრავი ადამიანები; ზოგი არსებები; ყველა წიგნები; ხეები ირხევიან; ფოთლები ჩურჩულებს; ხალხი შეიკრიბნენ;
სწორია:      სხვადასხვა საკითხი; ბევრი წერილი; უამრავი ადამიანი; ზოგი არსება; ყველა წიგნი; ხეები ირხევა; ფოთლები ჩურჩულებენ; ხალხი შეიკრიბა.
მომდევნო ბლოგში განვიხილავთ ორი ან მეტი სახელის შემცველი რთული სიტყვებისა და ვინ ნაცვალსახელის თანხლებით გამოხატული მრავლობითის მართლწერას.

Комментарии: 0:

Отправить комментарий

Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]

<< Главная страница